logo
ENG



"8 წლის გიგი ახალ წელს თბილ გარემოში შეხვდება" - მთავრობამ ოჯახს ზუგდიდში ბინა გადასცა

25 დეკ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/huo2aufdlu098j3.jpg

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს სახელმწიფომ ზუგდიდში მდებარე ახალი ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ბავშვის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. 

ჩანგელიების ოჯახი აფრიკის დასახლებაში, უნებართვოდ აშენებულ საცხოვრისში ცხოვრობს. 15 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მერიამ უნებართვოდ აშენებული საცხოვრისების დემონტაჟი დაიწყო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს პანდემიის პირობებში, წინასაახალწლოდ უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდა. 

PHR-მა, რომელიც ოჯახის მცირეწლოვანი წევრის, გიგი ჩანგელიას ინტერესებს წარმოადგენდა, დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. PHR-მა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

ბანკის ვალით აშენებული საცხოვრისის დემონტაჟი მერიას 20 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დემონტაჟის დღეს მერიამ განაცხადა, რომ ვინაიდან შენობას ოჯახისთვის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის დანიშნულება ჰქონდა, დემონტაჟს დროებით შეაჩერებდნენ. 

ჩანგელიების ოჯახს, აფრიკის დასახლებაში აშენებული საცხოვრისის გარდა, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინა ისედაც ეკუთვნოდა, ვინაიდან ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი, თუმცა ბინის გადაცემის პროცედურები წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ოჯახი უსახსრობის გამო დოკუმენტაციის ჩაბარების და მათზე ხელის მოწერის მიზნით ზუგდიდში ჩასვლას ვერ ახერხებდა. 

აფრიკის დასახლებაში დაწყებული დემონტაჟის შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა ოჯახისთვის ბინის გადაცემის პროცესი დააჩქარეს, დოკუმენტაცია ადგილზე, თბილისში ჩამოუტანეს და ბინის გასაღებიც გადასცეს. 

8 წლის გიგი ჩანგელიას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია სახელმწიფოსგან ოჯახის ზუგდიდში ტრანსპორტირებისთვის სახსრების უზრუნველყოფასაც მოითხოვდა, თუმცა სახელწმიფომ PHR-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

"სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ", - აცხადებენ PHR-ში", -"გვიხარია გაცნობოთ, რომ პატარა გიგი ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შევხდება". 

აფრიკის დასახლებაში არსებული საცხოვრისების დემონტაჟი მერიამ 15 დეკემბერს დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით  რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სახლს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.

 


close დახურვა